საკუთარი სიკვდილი შეიძლება გახდეს ხილული - რომანის „Aსინქრონი“პრეზენტაცია ქუთაისში
ქუთაისში, ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ მწერლისა და ჟურნალისტის ეკატერინე ტოგონიძის რომანის - „Aსინქრონის“ - წარდგენა გაიმართა. რომანის პრეზენტაცია თბილისში 6 თებერვალს მოეწყო. რომანის „გასვლითი წარდგენა“ პირველად ქუთაისში განხორციელდა, რომელსაც მწერალი თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვა.
„Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია, რომელიც ერთგვარ ტაბუირებულ თემებს ეხება მაგალითად, საკუთარი სიკვდილის აღწერას. წიგნის გმირები სიამის ტყუპი გოგონები არიან, როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს - „ორი სული ერთ სხეულში“. ორი ინდივიდი, რომელთაც ყველაფრის კეთება სინქრონში უწევთ. თუმცა რომანს „Aსინქრონი“ ქვია. რითაც მწერალი ერთ სხეულში არსებული ორი ადამიანის განსხვავებულობასა და უნიკალურობას უსვამს ხაზს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა რომანს უჩვეულოსა და უპრეცედენტოს რამდენიმე მიზეზი ხდის, მათ შორის სიამის ტყუპების ისტორიის ჩვენება, თუმცა განსაკუთრებულ
გამორჩეულობას რომანს სიკვდილის თემა სძენს, რომელიც ატიპიურად ვლინდება სიამის ტყუპების
შემთხვევაში. „ სიამის ტყუპებიდან ერთ -ერთი პირველად იღუპება და რადგან ერთი სხეული აქვთ მეორეს სიკვდილიც დადგება
რამდენიმე წუთში და ამ რამდენიმე წუთში ადამიანს აქვს საშუალება დაელოდოს სიკვდილს და სიკვდილი მისთვის გახდეს ხილული“, - აღნიშნა ეკატერინე ტოგონიძემ.
ძნელი აღწერო საკუთარი სიკვდილი, მაგრამ ეკატერინე ტოგონიძემ
სწორედ ეს გააკეთა, აღნიშნა თეონა დოლენჯაშვილმა. მისი თქმით, ეკატერინე ტოგონიძემ აღნიშნული თემა (და არა მარტო) შთამბეჭდავად,დრამატული განვითარებით, მხატვრულად კარგად დაწერული ტექსტით წარმოადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების
„ვიმეგობროთ“ და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენლები, რომელთაც შეზღუდული
შესაძლებლობის პრობლემატიკაზეც ისაუბრეს.
მართალია „Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია.თუმცა ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება. ავტორს მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“ 2012. ეკატერინე ტოგონიძის თხზულებები მესამე წელია შედის კრებულში „15 საუკეთესო მოთხრობა“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე და შესულია უცხოურ გამოცემებში.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი