|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის რაიონის "ლეიბორისტი" კანდიდატი - შემომთავაზეს თანხაც და თანამდებობაც

"ლეიბორისტული პარტიის" ბაღდათის რაიონის, სოფელ ნერგეეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჯაბა ენდელაძის თქმით, მომრჩეველთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოსო ჭოლოკავამ მიაკითხა და კანდიდატურის მოხსნა თხოვა. ენდელაძე აცხადებს,რომ ჭოლოკავას მხრიდან კანდიდატურის დათმობის სანაცვლოდ, თანხისა და სამსახურის შემოთავაზება მიიღო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ის კანდიდატურას არ მოხსნიდა, სახელისუფლებო კანდიდატი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.   
„სოფელ დიმში მოსახლეობას ვხდებოდი, როცა ჭოლოკავა მოვიდა ორ ნასვამ ადამიანთან ერთად. შემომთავაზეს მანქანაში ჩაჯდომა და მითხრეს, რომ კანდიდატურას თუ არ მოვხსნიდი ფიზიკურად გამისწორდებოდნენ. მცირე შეხლა–შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. შემომთავაზეს თანხაც და თანამდებობაც, მაგრამ რა თქმა უნდა მე უარი განვაცხადე“,–ამბობს ჯაბა ენდელაძე.
სოფელ ნერგეეთის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებას „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი გამოეხმაურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამსონ გუგავა უწყებათაშორის კომისიას მოუწოდებს მომხდარი ფაქტი გამოძიებული და შესაბამისი ზომები იქნას გატარებული.

ავტორი: დეა მანაგაძე