|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 მილიონიანი "წყალტუბო პლაზა" მინისტრებმა მოინახულეს

ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და ქართული ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "წყალტუბო პლაზა" გახსნეს. აღნიშნულ სასტუმროში, რომელსაც 80 ოთახი აქვს, ინვესტორმა 12 მილიონი ლარი ჩადო. 

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 49 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, 16 მილიონის ათვისება მიმდინარე წელს მოხდება, ხოლო წყალტუბოში დაგეგმილი 10 ინფრასტრუქტული პროექტი 2015 წელს დასრულდება. "მთელ კურორტზე მთლიანი ინფრასტრუქტურის თანამედროვე დონეზე მოწყობა იგეგმება. წყალტუბო ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია. აქ დაისვენებს არა მხოლოდ ჩვენი ხალხი, არამედ სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. ჩვენ ვგეგმავთ წყალტუბოში რკინიგზის სადგურის აღდგენას და რკინიგზით ბევრი ადამიანი ჩამოვა. კარგია, რომ აეროპოტრი ახლოს არის წყალტუბოსთან," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
დღესვე წყალტუბოში მუნიციპალიტეტის განვითარების მასტერ გეგმაზეც იმსჯელეს, რომელზეც საპატრნიორო ფონდი მუშაობს. გეგმა დასრულებულ სახეს შემოდგომაზე მიიღებს და ის წყალტუბოში ინვესტიციის ჩადების მსურველ ბიზნესმენებს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ავტორი: ნიუპრესი