"არასაპარლამენტო ოპოზიცია" - ჩვენი ფულით ყიდულობენ ხმებს
საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისის მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. საარჩევნო ბლოკმა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების დროს კვებით მომსახურების და პრემიების სახით გაცემული თანხების რაოდენობა გააპროტესტა.
როგორც მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2012 წლის 18 მაისს, ქუთაისის მერიამ შპს "იმპერიალს", "ბაგრატსა" და "გრანდ პალასს" 50 000 ლარი გადაურიცხა კვებითი მომსახურებისთვის.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" სიის პირველი ნომრის, გოგი წულაიას განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების ტრადიციებს მოქმედი ხელისუფლებაც აგრძელებს.
წულაია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს რესტორან "გრანდ პალასში" 300 კაციანი სუფრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარით დაფინანსდა.
წულაიამ, ასევე, საკრებულოს წევრებზე დახმარების და პრემიების სახით გაცემული თანხები გააპროტესტა.
"ამაზრზენია, როცა საკრებულოს წევრი განცხადებას დაწერს მიჭირს და დამეხმარეთო. დახმარებები გაცემული 2012, 2013 და 2014 წელსაც. ეს ყველაფერი არის ქრთამი და ზუსტად იმ რიცხვებს ემთხვევა, როცა საკრებულოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მისაღები. ეს არის ხმების ყიდვა და ჩვენი ფულით ყიდულობენ ხმებს," - აცხადებს გოგი წულაია.
წულაია აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული დოკუმენტაციით "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერს, დავით გოგისვანიძეს 2013 წელს 7 500 ლარი აქვს მიღებული. დავით დვალმა კი, რომელიც "ქართული ოცნების" სიის მესამე ნომერია, 2012 წელს პრემიის სახით 9 800 ლარი მიიღო.

ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა