|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ობუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

2014 წლის 10 ივნისს მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია 9 ივნისს ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საწარმოო პროცესის დროს 6 მეშახტის დაშავების შესახებ. სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება:

 

"სამწუხაროდ, უკანასკელ პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებაც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. თუმცა, დღემდე შრომის უსაფრთხოების მოწესრიგების კუთხით ეფექტიანი  ღონისძიებები არ განხორციელებულა.

 

ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების სიმწვავეს. კერძოდ, მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის  მკვეთრი ზრდა მიუთითებს.

 

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი შემთხვევის გამო და მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას, მიმართონ ყველა ღონეს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

 

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძებების გატარება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ავტორი: ნიუპრესი