"სამართლიანი არჩევნები" - 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები 385-მა კანდიდატმა მოხსნა
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიში საქართველოს
ყველა საარჩევნო ოლქს და 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა წარმოადგენდა.
ანგარიშის
მიხედვით, 1 ივნისის მონაცემებით, 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნა 385-მა კანდიდატმა. 6 ოპოზიციური პარტიის ორმოცდაათამდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა სავარაუდო ზეწოლის შედეგად.
"ანგარიშში, ასევე, მოხვდა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით ზეწოლა-მუქარის 1 ფაქტი, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი," -ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.
ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დაფიქსირდა კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა თუ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 4 ფაქტი.
"სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორების მიერ დააფიქსირებულია ჰომოფობიური განცხადების 3 შემთხვევა , 2 "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატების, ხოლო 1 ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მხრიდან.
არასამთავრო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებებით ხდება სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში, რაც მათ დაუშვებლად და საგანგაშოდ მიაჩნიათ.
"სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორები 2014 წლის 12 მაისიდან 1 ივნისამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 1181 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ, მათ
შორის კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გამართა 586 შეხვედრა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 271, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ" - 128; "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - 46; "საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ" - 36; "საქართველოს გზამ"- 29; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა"- 28; "თვითმმართველობა ხალხს" - 9; "ხალხის პარტიამ" - 6; "მწვანეთა პარტია" - 5; ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია 5.
ავტორი: დეა მანაგაძე