|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ "ნაციონალს" ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა იბარებს

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის პარტიული სიის წევრს, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძეს მთავარ პროკურატურაში იბარებენ. გვაცელაძე პროკურატურაში ხვალ, 14:00 საათზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მოწმის სახითაა დაბარებული.

გვანცელაძის პროკურატურაში დაბარება "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ გააპროტესტა და კანდიდატზე ზეწოლად შეაფასა. თევდორაძის განცხადებით, ხელისუფლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ საარჩევნო კამპანიაში ჩართული კანდიდატების დაკითხვების შესახებ მორატორიუმს თავად არღვევს.
"თუ ვინმეს ჯერა, რომ ასე საოცრად დაემთხვა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გვანცელაძის დაკითხვის დრო, მე არ მივეკუთვნები ამ ადამიანების რიგს. ეს არის გზავნილი სხვა კანდიდატებზე, რომ ჰაკიმ ფაშას ყოვლისმომცველი ყური და თვალი ყველას ადევნებს," - განაცხადა გია თევდორაძემ.
თავად ბაჩუკი გვანცელაძის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა მეოთხედ იბარებს. მისივე განცხადებით, ის არ აპირებს დაკითხვაზე თავის არიდებას და ხვალ პროკურატურაში გამოცხადდება.
"1994 წლიდან საქართველოში ვარ. არსად არ გავქცეულვარ და არასოდეს თავი არ ამირიდებია გამოძიებისთვის. ახლა რაც ხდება ჩემთვის წარმოუდგენელია. მზად ვარ მათ კითხვებზე ვუპასუხო. არ ეგონოს ვინმეს, რომ შევშინდები," - განაცხადა ბაჩუკი გვანცელაძემ.
ბაჩუკი გვანცელაძე ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი იყო.

ავტორი: დეა მანაგაძე