მკაცრი სასჯელი - ქუთაისის #55 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და ორ წევრს ხელფასები დაუქვითეს
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო
კომისიის გადაწყვეტილებით, ოლქში შემავალ #55 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და
კომისიის ორ წევრს ხელფასები დაექვითებათ.
საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული
გადაწყვეტილება საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივრის
განხილვის შედეგად მიიღო.
საჩივრის მიხედვით, #55 უბანზე გადასატან ყუთს
კომისიის ორი წევრის გარდა, ორი არაუფლებამოსილი პირი გაჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელი
თავის საჩივარში მხოლოდ კომისიის წევრების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ითხოვდა,
საოლქო კომისიამ გაცილებით მკაცრი სასჯელის დაკისრება გადაწვიტა. კერძოდ, #55 საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს ხელფასის 30 პროცენტი დაექვითება, ხოლო კომისიის ორ წევრს, რომლებიც
გადასატანს ყუთს ახლდნენ - ხელფასის 20-20 პროცენტი. გარდა ამისა, კომისიის
თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს გაფრთხილება მისცეს, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს,
გამოჩენილი უყურადღებობის გამო - შენიშვნა.
საჩივრის განხილვის დროს საოლქო
საარჩევნო კომისიის ერთმა წევრმა ("ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლემა)
აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ მოთხოვნა
არ დააკმაყოფილა. რადგან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის განმარტებით, საჩივარში
მსგავსი მოთხოვნა არ იყო.
#55 საოქლო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, ირმა კაპანაძე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს.
ქუთასის საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სულ 20 საჩივარი შევიდა. რომელთაგან 18 კომისიამ გუშინ განიხილა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს განახლდა.
ავტორი: ნიუპრესი