|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ერთ თვეში ჩატარდება

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გაიმართება. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გამართვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით არის განსაზღვრული.

კანონის თანახმად, საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების ანუ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში. თავის მხრივ, საოლქო კომისიები შემაჯამებლ ოქმს, არჩევნების ჩატარებიდან 11 დღის ვადაში ადგენენ. თუმცა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში არის შესაძლებელი.

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის  კენჭისყრისა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ცეესკოში გასაჩივრების ვადა ერთი კალენდარული დღით განისაზღვრა. "რომელთა განხილვა სასამართლოში დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. ასევე, დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა სააპელაციო სასამართლოში", – ამბობს ჭიქაბერიძე.

არსებული საჩივრების განხილვის შემდეგ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალადარჩეული საკრებულოს სხდომა გაიხსნება თუკი მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, რომელსაც ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ხოლო, საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს უხუცესი წევრი გაუძღვება.

"თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება", – ნათქვამია საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვით რეგულირდება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გამართვა.
ქუთაისის მე-5-ე მოწვევის საკრებულოს  სრული შემადგენლობა, მიმდინარე წლის 25 ივნისს გახდება ცნობილი. 15 ივნისის არჩევნების შედგებით საკრებულოში მანადატების გადანაწილება  ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ მოხდება.
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში სულ ხუთი პარტია იქნება წარმოდგენილი.
წინასწარი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" საკრებულოში 17 წევრი ეყოლება (10-ვე მაჟორიტარი და და 7 პარტიული სიიით), "ნაციონალურ მოძრაობას" - 4, "ლეიბორისტებს", - 1, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" - 1 და "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციას" - 2 წევრი.

ავტორი: თეკლე მორგოშია