|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

C ჰეპატიტით დაავადებულებს მედიკამენტის 60%-იანი ფასდაკლებით შესყიდვა შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა c ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა საყურადღებოდ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"1 ივლისიდან C ჰეპატიტით დაავადებულებს სამკურნალო მედიკამენტის 60%-იანი ფასდაკლებით შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

დადებითი დასკვნის მქონე ბენეფიციარებმა 25 ივნისიდან უნდა უზრუნველყონ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან სამინისტროში რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენა.

რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენის საფუძველზე, სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს თანხმობის წერილის გაცემას.

თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, პაციენტმა წამლის მისაღებად უნდა მიმართოს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პე-ეს-პეს აფთიაქებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი: იოსებიძის ქუჩა #60, ქუთაისი: ბროსეს ქუჩა #5, ბათუმი: გოგებაშვილის ქუჩა #32. ერთჯერადად მოხდება არაუმეტეს 4 ფლაკონის გაცემა.

ამ დროის მონაცემებით, დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე.

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განაცხადების მიღება და კომისიური განხილვები.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე (www. moh.gov.ge), ასევე ცხელ ხაზზე (1505)", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი