|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ევროპული გზისადმი ერთგულება დავამტკიცეთ

27 ივნისს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ნაბიჯით გადავდივართ ურთიერთობების თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან გაღრმავებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
"ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოებების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85%-სა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს წარმატებების გაზიარებისთვის.
თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ კმაყოფილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრების რუმინეთში სტუმრობის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასადმი მხარდაჭერა. 
"მიხარია რომ აქ ვმასპინძლობ პრემიერ-მინისტრებს და ვუზიარებ ჩვენს გამოცდილებას. სულ მალე ევროკავშირთან ასოცირებას მოეწერება ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისკენ გზა უჭირავთ და ამ ქვეყნებში მაქსიმალურად დემოკრატიული რეფორმები ტარდება. ყოველთვის მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და კიდევ უფრო უახლოვდებიან ევროკავშირს", - განაცხადა ვიქტორ პონტამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი