1 სექტემბრიდან აფთიაქიდან გარკვეული წამლების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებული ცვლილება ძალაში შედის
1 სექტემბრიდან, ძალაში შედის ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ფარმაცევტული დაწესებულებებიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ცვლილება შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცვლილების მოტივს წარმოადგენდა სამკურნალო საშუალებების არარაციონალური გამოყენება (თვითმკურნალობა, ფარმაცევტული პროდუქტის არარაციონალური დანიშნულება) და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია (II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი მოხმარება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად).
უწყებაში აცხადებენ, რომ რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ ხორციელდება პილოტური პროგრამა, რომელშიც ჩართულია 120 სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულება, როგორც თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.
დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა პილოტურ პროგრამაში ჩართული დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანია სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მომზადება საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისათვის.
ავტორი: ნიუპრესი