|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რობერტ სტურუა - დამაბრალეს სპექტაკლში ქსენოფობიური ელემენტის არსებობა, რაც საერთოდ არა მაქვს

ქუთაისშ, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორი რობერტ სტურუა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა პროექტსტურუას შექსპირის საღამოსფარგლებში გაიმართა, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის უშუალო ორგანიზებით.

შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში გამომსვლელებმა სტურუას დამსახურებასა და მის ღვაწლზე ისაუბრეს და ხოტბა შეასხეს რეჟისორს. შეხვედრის აღნიშნულმა ფორმამ სტურუას გარკვეული ასოციაციები გაუჩინა.

„ეს შეხვედრა მახსენებს მარკ ტვენის „ტომ სოიერს“, როდესაც ტომი და მისი მეგობრები გარდაცვლილები გონიათ, დასტირიან და ხოტბას ასხამენ.  ყველას გვაინტერესებს როგორ დაგვასაფლავებენ, რას იტყვიან ჩვენს დაკრძალვაზე. ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ახლა. თუმცა ვცრუობ, ეს ყველაფერი  მომწონს და მიხარია კიდეც“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

სტურუამ საკუთარ იმერულ წარმომავლობასა და ქუთაისზე ისაუბრა, როგორც გენიოსების ქალაქზე და მიუთითა ბოლო ქუთაისელ გენიოსზეც, რეზო გაბრიაძეზე ,რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქუთაისი.

“რეზოს ბრწყინვალე თეატრმა იმოგზაურა მთელ მსოფილიოში და ყველას გააცნო რას წარმოადგენს ეს შესანიშნავი ქალაქი“, -აღნიშნა სტურუამ.

რეჟისორი იმ სპექტაკლსაც („ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და ...პრეზიდენტი“) შეეხო, რომელიც დღეს მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

„ჩვენ ჩამოვიტანეთ სპექტაკლი, რომლის გამოც გამაძევეს თეატრიდან, გაგდების მიზეზად მოიგონეს ქსენოფობიური ელემენტი, რაც საერთოდ არა მაქვს, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება. სპექტაკლი 2005 წელს არის დადგმული, თუმცა ნახავთ, რომ ბევრი რამ ახდა, რაც მე ამ სპექტაკლით ვიწინასწარმეტყველე, თუმცა ამით არ ვტრაბახობ ბუნებრივია“, -აღნიშნა სტურუამ.

რეჟისორმა დარბაზიდან წამოსულ კითხვებს უპასუხა და მომავლის გეგმებზეც ილაპარაკა. აღნიშნა, რომ აპირებს პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასულის’ და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ინსცენირებას, თუკი შესაბამისი დაფინანსება იქნება. თუმცა, კითხვაზე, აპირებს თუ არა დღეს პოლიტიკური სპექტაკლის დადგმას  და რამდენად მოსწონს ის კულტურის პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, სტურუამ პასუხს ნაწილობრივ აარიდა თავი. „რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თუ რამე მოხდება ისეთი ძლიერი უსამართლობა, როგორც მაშინ  მოხდა, ჩემი პოლიტიკური სული ისევ ვერ გაუძლებს, მაგრამ  ამ პატარა ინტრიგებში არ ჩავერევი, არც ადრე ვერეოდი“, -აღნიშნა სტურუამ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი