მედიკამენტები გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო 2014 წელს მაისისა და აპრილის თვეში მედიკამენტების საფასურის მატებაზე მიუთითებს.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა აპრილის თვეში 6,8%-ით გაძვირდა, მაისის თვეში კი მაჩვენებელმა 7,7 %-ს მიაღწია.
ფარმაცევტული კომპანიები კი ბაზარზე წამლების ფასების ზრდას უარყოფენ და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ.
„ავერსისა“ და „პე-ეს-პეს“ წარმომადგნელები აცხადებენ, რომ დაახლოებით 4 წელია ბაზარზე წამლების ფასების ზრდის ტენდენცია აღარ არის და პირიქით კლება მიმდინარეობს. კომპანია „პე-ეს-პე“-ში ამბობენ, რომ მედიკამენტების გაიაფების ტენდენცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ფასის კლების რესურსი თითქმის ამოიწურა.
„მიმდინარეობს გარკვეული მედიკამენტების გაიაფება, მაგრამ უკვე ძალიან ნელი ტემპებით, რადგანაც რესურსი, რომ მიგვეღწია კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში ფასების დაკლებას, პრაქტიკულად ამოწურულია. სამაგიეროდ, ფასდაკლების აქციები გვაქვს კვირაში ორი დღე“,- აცხადებს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, წამლების გაიაფება ერთ კონკრეტულ ჯგუფს არ ეხება და ფასდაკლებები ყველა ტიპის წამალზე ხდება.
მედიკამენტებზე ფასის ზრდას უარყოფს კომპანია „ავერსიც“. კომპანიის წარმომადგენელი ლალი ბრეგვაძე ამბობს, რომ არ ახსოვს, როდის გაძვირდა მედიკამენტები, რადგან ბოლო რამდენიმე წელია ფასების ზრდა აღარ შეინიშნება.
რაც შეეხება საქსტატის მონაცემებს, ბრეგვაძის განცხადებით, ამაზე კომპანია ვერაფერს იტყვის და მონაცემების შეუსაბამობაზე პასუხი თავად უწყებას უნდა მოეკითხოს.
„Commersant“-ი კომენტარისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ ბიუროსაც დაუკავშირდა. როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ თეკვავამ განგვიცხადა, მათ მიერ დაფიქსირებული მონაცემები ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც გასულ წელს სააფთიაქო ქსელებიდან აქვთ მოპოვებული, შესაბამისად, მონაცემებში შეცდომა ან შეუსაბამობა გამორიცხულია.
ავტორი: ნიუპრესი