|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური კარიკატურა - სიტყვის თავისუფლების ფორმა - გამოფენა ქუთაისში

ქუთასიში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელიც  საქართველოს რეფორმების ასოციაციამ წარმოადგინა, სლოვაკურ კომპანია  euforion-თან ერთად. გამოფენა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს საქართევლოში. თუმცა ქუთაისში პირველად წარმოადგინეს.

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული გამოფენა საკმაოდ პოპულარულია ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იგი მხოლოდ საქართველოში იმართება.

„ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკას ასახავს და მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენებს ეხება“, - აღნიშნა საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელმა არჩილ მაჭავარიანმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ცნობილი კარიკატურისტების - დერილ ქეილის, ანდრეი მილეცკოს, პაველ რეისენაუერის, ოლეგ სმალის, მარტინ შუტოვეცის,  ჩაბა ვარგას და ქართველი, გიორგი გამეზარდაშვილის ნამუშევრები.  

ავტორთა ნაწილი სტუმრობდა გამოფენას თბილისში, სადაც ისინი ქართველ კარიკატურისტებს შეხვდნენ და გარკვეული რეკომენდაციებიც გასცეს. რადგან გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, პოლიტიკური კარიკატურის ჟანრი ნაკლებად განვითარებულია საქართველოში.

„პოლიტიკური კარიკატურის ჟანრი ცალკე ჟანრია, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვენთან სამწუხაროდ აქამდე განვითარებული არ ყოფილა. პოლიტიკური კარიკატურის, როგორც ცალკე ჟანრის, ცნება  არ არსებობს. შეიძლება ამ გამოფენამ  გარკვეული  ბიძგი მისცეს ამ ჟანრის განვითარებას. თანაც პოლიტიკური კარიკატურა სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაც არის, საინტერესო და სახალისო“, - აღნიშნა არჩილ მაჭავარიანმა.

თუმცა წარმოდგენილ კარიკატურებში ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე მოხვდა.

გამოფენა ივნისის თვეში დაიწყო თბილისში, გრძელდება ქუთაისში, შემდეგ ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი