თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირების შედეგად კოტე გაბაშვილი და კიდევ 7 პირი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანია დაკავებული.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა , ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია.
ამასთან, სამართალდამცავებმა ლაშა რუხაია, რომელიც ინცინდენტის დროს დაშავდა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ღუდუშაურის კლინიკაში აიყვანეს.
ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. მათი სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.
წუხელ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინცინდენტისას დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს.
ავტორი: ნიუპრესი