|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველომ ბულგარეთს უკრაინელი ტურისტები წაართვა

უკრაინის საოფისე თანამშრომლებს შორის, რომლებიც ზაფხულის შვებულების გატარებას უცხოეთში აპირებენ, საკმაოდ დიდი ნაწილი – 18% დასვენებას თურქეთთან ერთად საქართველოში გეგმავს. ასეთი შედეგებით დასრულდა საკადრო საიტ hh.ua–ს გამოკითხვა. 

გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არც ივლისში და არც აგვისტოში დასვენებას არ გეგმავს. 

იმ დასაქმებულთა ხვედრითი წილი კი, რომლებიც ყირიმში დასვენებას გეგმავენ, გასული წლის 24%–დან წელს 4%–მდე შემცირდა. 

გამოკითხულთა 42% უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს, ამასთან, 18% აცხადებს, რომ აპირებს საქართველოსა და თურქეთში ჩასვლას. 

16% ბულგარეთში დასვენებას გეგმავს, 11% კი ესპანეთში, მონტენეგროში ან ხორვატიაში. 

როგორც hh.ua აღნიშნავს, გასულ წელს უკრაინელები თურქეთთან ერთად უპირატესობას ბულგარეთს ანიჭებდნენ, წელს კი ბულგარეთის ნაცვლად საქართველოს ირჩევენ.

რამდენიმე კვირის წინ გამოცემა „კაპიტალი“ წერდა, რომ უკრაინელებისთვის ყველაზე სასურველი ტურისტული ცენტრების სამეულში წელს უკრაინისა და ბულგარეთის შემდეგ საქართველოც მოხვდა. გასულ წელს კი დასახელებული კვლევის თანახმად, საქართველო ათეულშიც კი არ შედიოდა.

კვლევა კომპანია „Google–უკრაინას“ თანამშრომლებმა ჩაატარეს ინსტრუმენტ Google Zeitgeist–ის საშუალებით, რომელიც თვალს ადევნებს, თუ რომელი საძიებო მოთხოვნებია ყველაზე პოპულარული. 

მეოთხე პოზიციაზეა თურქეთი, რომელიც უკრაინიდან ტრადიციულად ბევრ ტურისტს იზიდავს. მეხუთე პოზიცია კარპატების ტურისტულმა ცენტრებმა დაიკავა. 

უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ცვლილებები ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო, რომელიც 4 მილიონი უკრაინელისთვის ზაფხულის არდადეგების გატარების ადგილი იყო. 

როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წელს განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ უკრაინიდან ახალი დამსვენებლების მოზიდვაზე გააკეთებენ, რასაც ყირიმის ტურისტული სეზონის ჩავარდნით გეგმავენ. 

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი