რუსეთი საქართველოს და უკრაინას აშანტაჟებს
რუსეთი საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით ზომებს მიიღებს, თუკი უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირებას მოახდენენ, როგორც ეს მოლდოვამ გააკეთა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ზომების მოცულობა იქნება ახლოს და მსგავსი იმ ზომებისა, რომელთა მიღებაც მოლდოვასთან მიმართებაში იგეგმება,“ – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან მოლდოვის ასოცირება სერიოზულად აისახება მის ურთიერთობებზე საბაჟო კავშირის და დსთ–ს სავაჭრო ზონის ქვეყნებთან.
მედვედევი აცხადებს, რომ შეთანხმების თანახმად, მოლდოვამ დაჩქარებული რეჟიმით უნდა დანერგოს ევროპული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთისა და საბაჟო კავშირის წესებს.
“ასევე სავსებით შესაძლებელია საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე ევროპული პროდუქციის შეტანა მოლდოვური საქონლის ნიშნის ქვეშ. შესაძლოა იყოს სხვა შედეგებიც, რომლებსაც ახლა არ ვგრძნობთ,“ – განაცხადა მედვედევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში გაანალიზებული უნდა იქნას ყველა რისკი და მიღებულ იქნას ზომები რუსული ბაზრის დაცვის მიზნით, პირველ რიგში კი ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარს ეხება.
ვიცე–პრემიერ იგორ შუვალოვი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭო 16 ივლისს განიხილავს დაცვის შესაძლო ზომებს მოლდოვასთან სავაჭრო ურთიერთობებში.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მიმდინარე წლის 27 ივნისს გააფორმეს, უკრაინამ კი შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს მოაწერა ხელი.
2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მოლდოვას პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ჯერ კიდევ მოლდოვას მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა გაზარდოს იმპორტის გადასახადი მოლდოვადან შეტანილი საქონელზე მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
კერძოდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მეზობელი ქვეყნიდან ევროპული საქონლის კონტრაბანდული ნაკადის ზრდა დაფიქსირდება.
რუსი მაღალჩინოსნების თქმით, მოლდოვას მთავრობა ვალდებული იქნება, ბრიუსელს შეუთანხმოს მესამე ქვეყანასთან სავაჭრო ნაბიჯების უმეტესობა, რაც, მათივე მტკიცებით, წინააღმდეგობაში მოდის კიშინიოვის ვალდებულებებთან, რომლებიც მას დსთ–სთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში გააჩნია. ამ არგუმენტების მიუხედავად, მოლდოვას მყარად აქვს აღებული კურსი ევროინტეგრაციისკენ.
რაც შეეხება უკრაინას, გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შეუთავსებელია საშეღავათო რეჟიმის გაგრძელებასთან, რომელიც დსთ–თან თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფარგლებში მოქმედებს.
დსთ–ს თავისუფალი სავაჭრო ზონის არსებობა ითვალისწინებს იმპორტის ტარიფების და რაოდენობრივი შეზღუდვის არარსებობას, გარდა გარკვეული შემთხვევებისა.
თუმცა, შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, ზარალის დაფიქსირების შემთხვევაში დსთ–ს წევრი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მესამე სახელმწიფოსთვის, საბაჟო ტარიფი იქნას შემოღებული,
მოლდოვამ პირველი სიგნალი უკვე მიიღო. აპრილის დასაწყისში როსსელხოზნადზორმა ამ ქვეყნიდან, ისევე როგორც ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ღორის ხორცის შეტანა აკრძალა შავი ჭირის გავრცელების საბაბით.
ერთ–ერთ მსხვილ მოლდოვურ საბითუმო კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში რუსეთის საზღვარზე დოკუმენტების გაფორმების პროცესი გართულდა.
რუსულმა მედიამ უკვე დასვა შეკითხვა: როგორ აისახება რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება? მასზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის პასუხი ასეთია: „ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალები, რომ მოსკოვში მშვიდად უყურებენ ჩვენს მიერ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არავითარ ზეწოლას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს.“
მეტიც: აბაშიძის აზრით, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა შესაძლოა საინტერესოც იყოს რუსული კაპიტალისთვის, რომელიც გარკვეულ ხიდს მიიღებს საქართველოს გავლით ევროპაში.
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მომავალ კვირაში გეგმავს.
წყარო: commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი