აასრულებს თუ არა რუსეთი მუქარას საქართველოს წინააღმდეგ?
საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომ, ექსპერტები რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნის საფრთხეს რეალისტურად მიიჩნევენ.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აღნიშნავს, რომ მედვედევამდე მუქარის შემცველი განცხადება ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნული განცხადებები ზედმეტად პოლიტიზირებულია.
მისი თქმით, საქართველოს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, სადაც რუსეთიცაა გაწევრიანებული და თავად რუსეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არცერთთან არ მოდის წინააღმდეგობაში. შესაბამისად, როგორც ექსპერტი აცხადებს, საერთო სამართლით განსაზღვრული ეკონომიკური საფუძველი, რომ რუსეთმა სანქციების სახით რაიმე ზომები მიიღოს, არ არსებობს, თუმცა პოლიტიკური მოტივის შემთხვევაში შესაძლებელია რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს როგორც 2008 წელს, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გააკეთა.
„ახლა სრულიად შესაძლებელია რომ პოლიტიკური მანევრები ვიხილოთ, რომელიც იქნება მიმართული ასოცირების შეთანხმების საწინააღმდეგოდ. მათ შორის შესაძლოა მოსკოვმა სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით შეზღუდოს ქართული პროდუქცია საკუთარ ბაზარზე.
საჭიროა საქართველოს მთავრობას რისკებთან დაკავშირებით, მკაცრად განსაზღვრული გეგმა ჰქონდეს“, – აღნიშნავს ექსპერტი.
დიმიტრი მედვედევის განცხადების თანახმად, „რუსეთი საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით ზომებს მიიღებს, თუკი უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირებას მოახდენენ“.
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მომავალ კვირაში გეგმავს.
წყარო: commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი