|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკარგული ქუთაისელი გოგონას ოჯახი სამართალდამცავებს საქმის დროულ გამოძიებას სთხოვს

დაკარგული ქუთაისელი გოგონას ოჯახის წევრები სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის, უშიშროების სამსახურებსაც, საქმის დროულად გამოძიებას თხოვენ. 

დაკარგული ქუთაისელი გოგონა 14 წლის მარიამ გეგუჩაძეა, რომელიც დედასთან ერთად ურეკში, ერთ-ერთ ბანაკში იმყოფებოდა. როგორც დაკარგული გოგონას დედა, სოფო ადეიშვილი ამბობს, მისი შვილი 30 ივნისს ურეკში, სასტუმრო "ელიტადან" დღის 1 საათსა და 15 წუთზე გავიდა.

დაკარგული მარიამ გეგუჩაძეს ოჯახის წევრების თქმით,  გოგონას გაუჩინარების განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია, რის გამოც ვერსიებზე საუბარი უჭირთ. 

"ვიცით, რომ ურეკიდან ბათუმში ჩავიდა, ჩვენს ნათესავთან. 4 რიცხვში დაფიქსირებულია სოციალურ ქსელშიც. თუმცა, ამის შემდეგ კვალი ქრება. საქმეში ჩავაყენე ურეკისა და ბათუმის პოლიცია, ოჯახის წევრებმაც ჩვენი გზებით დავიწყეთ მოძიება ბათუმსა და ურეკში. თუმცა, 12 დღეა უკვე გასული და შედეგი არ არის. პოლიციას არც დაურეკავს და არც შეგვხმიანებია," - აცხადებს დაკარგული გოგონას დედა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოებიდან რეაგირება და მოკვლევა არ არსებობს, რის გამოც ის სამართალდამცავებს და ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს, რომ დაგარგული გოგონას შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დროულად მოხდეს.  

 

ავტორი: ანა ჯანაშია