საქართველოს მასშტაბით დღეს რვა მერს აირჩევენ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად დღეს რვა მერს აირჩევენ. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურში საკუთარი კანდიდატების გაყვანა ყველგან შეძლო. მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
მათ შორის, თბილისის მერობისთვის ერთმანეთს №41 დავით ნარმანია ("ქართული ოცნება") და №5 ნიკა მელია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") დაუპირისპირდებიან; რუსთავში №41 დავით ჯიქია ("ქართული ოცნება") და №5 მამუკა ჩიქოვანი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"); მცხეთაში №41 ვთანდილ ნემსიწვერიძე ("ქართული ოცნება") და №6 დავით მაჩხანელი ("გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია"); გორში №41 ზურაბ ჯირკველაშვილი ("ქართული ოცნება") და №14 კახაბერ ერგემლიძე ("ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია"); თელავში №41 პლატონ კალმახელიძე ("ქართული ოცნება") და №5 ალექსი ძულიაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"); ოზურგეთში №41 ბეგლარ სიორიძე ("ქართული ოცნება") და №8 შოთა გოგიბერიძე ("დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"); ბათუმში №41 გიორგი ერმაკოვი ("ქართული ოცნება") და №5 გიორგი დიასამიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"); ფოთში №41 ირაკლი კაკულია ("ქართული ოცნება") და №8 უშანგი გეგენავა ("დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი").
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს მასშტაბით 15 ივნისს გაიმართა. მერის არჩევა მხოლოდ ოთხმა ქალაქმა შეძლო. ოთხივე ქალაქში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მათ შორის ახალციხეში გიორგი კოპაძემ, ამბროლაურში რატი ნამგალაძემ, ქუთაისში შოთა მურღულიამ და ზუგდიდში ირაკლი გოგოხიამ.
ავტორი: ნიუპრესი