|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომუშავე თურქი ბიზნესმენი სასამართლოს მიმართავს - ვის და რატომ უჩივის ბურჰან ილმაზი

ქუთაისის ცენტრში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ფინანსის" მიერ წამოწყებული სამუშაოებით უკმაყოფილებას მიმდებარე მაღაზია "სტამბულის ტექსტილის" მეპატრონე, ბურჰან ილმაზი გამოთქვამს. ილმაზი ირწმუნება, რომ "სმარტის" წარმომადგენლებმა კარის აკეტვის თაობაზე მას წინასწარ არ აცნობეს და ფინანსურ ზარალთან ერთად, მატერიალურადაც დააზარალეს.

"ფეხებით დაამსხვრიეს კარების მინები და რეკლამა ჩამოგლიჯეს, რაც კამერებმა დააფიქსირეს, მე კი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ ყველაფერს ესწრებოდა პოლიცია და რეაგირება არ მოახდინა. ყველა გადასახადს კანონიერად ვიხდი და ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მაქვს. დასაქმებული მყავდა 10 ადამიანი, კარი რომ ამომიკეტეს უკვე ვაჭრობა აღარაა და იძულებული გავხდი 6 დასაქმებული დამეთხოვა.  არ ვაპირებ ამ ზარალის შერჩენას. ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვ და ყველა თანხას უპატრონო ბავშვებს დავურიგებ," - აცხადებს ბურჰან ილმაზი.

"სტამბულის ტექსტილის" მეპატრონე აღნიშნავს, რომ ქუთაისში შესაბამისი ბიზნეს გარემო არაა და ბიზნესის თბილისში გადატანას აპირებს.

"სმარტ ფინანში" კი ამბობენ, რომ თურქი ბიზნესმენის თარჯიმანი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო, ხოლო  მაღაზიის კარები ფართის ყოფილი მესაკუთრის, შპს "აია სითის" წარმომადგენელმა დაამსხვრია, რაც პოლიციის მეორე განყოფილებამ და დაცვის სამსახურის "კასკადი" თანამშრომლებმა დააფიქსირეს.

როგორც "სმარტის" ხელმძღვანელი, გელა რიაბუხა ამბობს, აღნიშნული პირი ფართის ახლანდელი მფლობელის, შპს "ნეო ნეტის" არაოფიციალურ პარტნიორად მოიაზრება.

ფართი, სადაც თურქ ბიზნესმენს მაღაზია აქვს მოწყობილი შპს "ნეო-ნეტს" ეკუთვნის.  "ნეო ნეტსა" და თურქ ბიზნესმენ, ბურჰან ილმაზს შორის დადებული ხელშეკრულებით ირკვევა, ილმაზს მესაკუთრისგან სულ 164,1 კვ.მ ფართი აქვს იჯარით აღებული და ამ ფართის სანაცვლოდ ყოველთვიურად 4020 დოლარს უხდის.

თავად შპს „აია სითის“ წარმომადგენლებმა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ავტორი: დეა მანაგაძე