იმერეთში საწარმოები და რესტორანი დახურეს - რა დარღვევები აღმოაჩინეს ობიექტებში
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში რამდენიმე საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
შემოწმდა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე "ფუდმარტი" და ნიკეას ქუჩაზე - ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს "უხვი", წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვილიშორში - შპს "ქალაქური 2013"-ის კუთვნილი რესტორანი, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე - ნაყინის საწარმო შპს "მყინვარი".
გარდა ამისა, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა გურჯაანსა და თბილისში მდებარე საწარმოებში. სააგანეტომ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში - ი/მ "ბერდია ქიტუაშვილის" ნახევარფაბრიკატების საწარმო შეამოწმა და თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე - შპს "ჯაზას" პურის ქარხანა.
"აღნიშნულ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები; შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს - ს.ს "ფუდმარტს", შპს "უხვს", შპს "ქალაქური 2013"-ს, ი/მ "ბერდია ქიტუაშვილსა" და შპს "ჯაზას" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
ავტორი: ნიუპრესი