სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგად 12-მდე ოჯახი დაზარალდა
ვანის რაიონ სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგად 12-მდე ოჯახი დაზარალდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანის გამგებელმა, ზაზა ხურციძემ განუცხადა , წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა.
"მოსახლეობას გაუნადგურდა სახნავ-სათესები. რაც შეეხება საცხოვრებლებს, ჩვენ ვეხმარებით სახლების გაწმენდაში, თუმცა სრულად გასუფთავება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან შლამი, რომელიც წყალდიდობის შედეგად ოჯახებში შევარდა, უნდა გაშრეს და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი სრულად გაწმენდა", - აცხადებს ხურციძე.
მისივე თქმით, დღეს კარგი ამინდია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"ჩვენ ვითვლით ზარალსაც, რომელიც ვანში სტიქიამ გამოიწვია", - აცხადებს გამგებელი.
ვანის რაიონში გუშინ, წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, რომელზეც მანქანა მოძრაობდა. მანქანაში ხუთი ადამანი იმყოფებოდა. ორი მგზავრი გადარჩა, სამი ადამიანი კი დაიხრჩო.
წყალდიდობის ადგილზე იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ავტორი: ნიუპრესი