პარასკევი, 20 ივნისი, 2025 წელი 14:30:40
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნესზე შავი სამყაროს წევრების ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა

ოთხი სხვადასხვა პროფილის ბიზნესში კერძო ფინანასური დავების მოგვარებაში შავი სამყაროს წევრები, ე.წ  "ქურდული სამყაროს ავტორიტეტები" ჩაერთვნენ.

 

სხვადასხვა ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს "კომერსანტს" რამდენიმე წყარო უყვება, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიებთან შეხვედრაზე ბიზნესმენებს სხვადასხვა ჯგუფები წარუდგნენ, როგორც  შავი სამყაროს ავტორიტეტები.


სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კომპანიებს შორის ვალების საკითხის მოგვარების მიზნით შავი სამყაროს სხვადასხვა წევრებმა ერთ ფინანსურ ორგანიზაციას, ორ სავაჭრო ობიექტს და ერთ რეგიონულ სასტუმროს მიმართეს.

 

"კომერსანტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია სამინისტროში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ მსგავსს ფაქტებს ადგილი ექნება დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამისს განყოფილებებს, რადგან ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.


სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას ახორციელებს.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს 1 ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ ე.წ. ქურდულ სამყაროში და აქვთ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე ძებნა არის გამოცხადებული ერთ ე.წ. კანონიერ ქურდზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს. ამის დასტურია 21 ივნისს გორში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, პოლიციამ ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ე.წ. „ტყავი" და 10 ათასი აშშ დოლარი და 13 ათას ლარამდე ოდენობის თანხა ე.წ. „ობშიაკი", ასევე სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, - აცხადებენ სამინისტროში.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი