|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოს ომში დაღუპულის დედა - ყოფილი მთავრობა უფრო აქტიურობდა, ახლანდელი ცოტას

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ქუთაისის მერიაში მიიღეს და მათ 1000 ლარის ოდენობის დახმარება გაუწიეს. ომში დაღუპულების ოჯახებისთვის თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

შეხვედრაზე დაღუპული მებრძოლების მშობლებმა მათი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი დაღუპულის, გიგა გოგორიშვილის დედამ საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის გაკეთება მოითხოვა.
"ბევრი პრობლემა გვაქვს. ყოფილი მთავრობა უფრო აქტიურობდა, ახლანდელი ცოტას. თუმცა, დღეს კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილი 22 წლის საფლავში გახდა. დამირეკა და მითხრა, რომ გმირი შვილი გყავარ, 15 ტყვია მაქვს ჟილეტზეო," - განაცხადა გიგა გოგორიშვილის დედამ, დალი კოღუაშვილმა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას დაპირებით, აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახებს მერია დახმარებას სხვა დროსაც გაუწევს.
"საკრებულოზე გავიტან წინადადებას, რომ ამ გმირების ოჯახებს არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ საახალწოდ და სააღდგომოდაც დავეხმაროთ," - განაცხადა შოთა მუღულიამ.
დღესვე ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ  2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
იმერეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში 34 მებრძოლი დაიღუპა.  

ავტორი: დეა მანაგაძე