ილია მეორე - საქართველოს წიგნის კითხვის მხრივ ჩამორჩენა აქვს
"წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" დალოცვის დროს განაცხადა.
"წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი, ჯერ არ ვსწავლობდი და მელნით ვიჭუჭყიანებდი თითებს. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი და მესმოდა სახლში, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს წიგნი ნაყიდი. შევაგროვე ფული, წავედი მაღაზიაში წიგნის საყიდლად. პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე იყო ფერადი გარეკანით. ბიბლია და სახარება იყო ჩემს სახლში. ასე დაიწყო ჩემი წიგნთან ურთიერთობა", - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს წიგნის კითხვის მხრივ ჩამორჩენა აქვს. "წიგნის კითხვაში რატომღაც გვიჭირს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა შეიყვარონ წიგნი - მთავარია მას შევუქმნათ განწყობა, თავიდან უნდა განვაწყოთ ბავშვი წიგნის მიმართ, კითხვა დავუწყოთ ზღაპრებით. ყველა მშობელმა თავის შვილს უნდა უკითხოს წიგნი და ზღაპრები, არა ტრაქტორებზე, მანქანებზე, თვითმფრინავებზე, არამედ ბუნების შესახებ. ზღაპარმა უნდა დააახლოვოს ბავშვი ბუნებასთან, უნდა შეაყვაროს წიგნი", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, როდესაც იგი ნაკურთხი იყო ეპისკოპოსად, სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. "1963 წელს მე ვიყავი ეპისკოპოსად ნაკურთხი და გაიხსნა სასულიერო სემინარია. აქ ვიყავი ლექტორი. სულ 4-5 მასწავლებელი ვიყავით, სტუდენტებიც ამდენივე იყო. მე სტუდენტებს ვთხოვე წიგნის წაკითხვა, თუმცა მაინც და მაინც თავს არ იწუხებდნენ. შემდეგ ვუთხარი, რომ ეს წიგნები წაეკითხათ, ერთი კვირა მივეცი და ავუხსენი, რომ მერე იქნებოდა განხილვა, ამის გამო წაიკითხეს წიგნები", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, სტუდენტობის დროს მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ფილოსოფიური წიგნები უყვარდა. "მეც გადმომედო ეს მიდრეკილება და ვეძებდით ფილოსოფიის ლოგიკას. წიგნის კითხვის გარეშე ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ხალხი ახლა არ კითხულობს წიგნებს. არ ვიცი რატომ მოხდა ისე, რომ რუსები უფრო კითხულობენ, ვიდრე ჩვენ, ძალიან რთული ამბავია", - ბრძანა უწმინდესმა.
პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი უწმინდესმა საპატრიარქოში დალოცა.
ავტორი: ნიუპრესი