|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ თბილისში ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. 
იგორ კოკოშკოვის გუნდი სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე ჩეხეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმანი დააკლდებიან. სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს გიორგი შერმადინიც. გუნდის ღია ვარჯიშზე დაშავდა ოთო ფხაკაძე. თუმცა, გუნდში ითამაშებენ ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე და სხვები. 
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის განცხადებით, ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია.

"ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ. 3 წლის წინ ჩეხებს შევხვდით ტალინში, ამხანაგურ მატჩში და დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ამ ნაკრებში კარგად არიან შერწყმულნი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები. მიზანდასახულები არიან და იციან, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ როგორ ითამაშონ. ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ემზადება ჩეხეთთან თამაშისთვის. სამწუხაროდ, ახლაც გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ჩვენი ნაკრები სულ ასეა, ხან ვინმეა დაშავებული, ოპტიმალური შემადგენლობა თითქმის არასდროს გვყოლია. ამიტომაც არიან გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თანდათან მეტი და მეტი შანსი ეძლევათ. ამიტომ მინდა მასმედიამ უფრო მეტი ილაპარაკოს არა იმ კალათბურთელებზე, რომლებიც გვაკლია, არამედ მათზე, რომლებიც გუნდში არიან", - განაცხადა კოკოშკოვმა. 
ზაზა ფაჩულიას თქმით კი, მისი და მისი თანაგუნდელების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა.
"რთული მატჩები გველოდება, ჩვენი მიზანია, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, ჩვენ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები დაგვაკლდნენ: მარკოიშვილი, შერმადინი, ჰიკმანი - მათ ძალიან დიდი ევროპული გამოცდილება აქვთ. ვეცდებით მათი არყოფნა მაქსიმალურად შევავსოთ, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ წელს ისინიც დაგვეხმარებიან", - განაცხადა ფაჩულიამ. 
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ჩეხეთთან, უნგრეთთან და პორტუგალიასთან ერთად ასპარეზობს.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი