ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში მიმდინარეობს
ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად დღეს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეიში" დაიწყო.
როგორც "ბიბისი" იუწყება, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში მოვლენების დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა საპასუხო სროლის შედეგად ორივე მხრიდან არის მსხვერპლი.
გუშინ, სარგსიანმა და ალიევმა, პუტინთან ცალ-ცალკე შეხვედრა გამართეს.
როგორც ალიევმა განაცხადა, კონფლიქტი მთიან ყარაბაღში ძალიან გაჭიანურდა და აუცილებელია მისი გადაწყვეტა. სარგსიანმა კი, აზერბაიჯანული მხარე სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაში დაადანაშაულა.
"უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, სიბრძნე, ერთმანეთისადმი პატივისცემა იმისთვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან იმაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, ვიდრე ადამიანთა სიკვდილია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტი, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დაშლისას წარმოიშვა.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი რთული სიტუაციები შეიძლება გადაწყდეს თუკი ამისთვის კეთილი ნება არსებობს; ასეთი კეთილი ნება სომხეთის და აზერბაიჯანს ხალხს შორის არსებობს", - განაცხადა პუტინმა.
ავტორი: ნიუპრესი