სასამართლომ „ოცნების“ აქტივისტებს ბრალდება არ მოუხსნა
დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩევლის
მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინასასამართლო სხდომა. ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების
შემდეგ ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სასამართლომ
დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. სასამართლომ დღეს მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას საქმე განიხილა.
„დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი
დევნის შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა ჩვენი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს და საქმის არსებითი
განხილვა მაინც დაინიშნა,“ – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
ქუთაისის ფილიალის იურისტი, ბრალდებულთა ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.
წინასასამართლო სხდომა დღეს 14:00 საათზე დაიწყო. სხდომა
#2 დარბაზში იყო ჩანიშნული, თუმცა ის #1 დარბაზში გაიმართა. მანდატურებმა სხდომაზე
დასასწრებად თითოეული ბრლადებულის ოჯახის 4–4 წევრი დაუშვეს. სხდომაზე დასწრების საშუალება
არ მიეცათ ჟურნალისტებსა და ბრალდებულების ახლობლებს. მანდატურებმა აღნიშნული იმით
ახსნეს, რომ დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო.
ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული პირების – მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის,
გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 31 ივლისს
დაინიშნა. ბრალდებულების ახლობლებს სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება უჭირთ.
მათი განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე ბევრი ისეთი რამ ითქვა, რისი გათვალისწინებითაც
ბრალდებულები დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო. უდანაშაულო ადამიანები
სხედან. დანაშაული რომ ჩაედინათ, მაშინ შეიძლებოდა სასჯელის ზომაზე გვემსჯელა,“ – ამბობს
ერთ–ერთი ბრალდებულის მიხეილ ამაშუკელის დედა მაია ამაშუკელი.
შეგახსენებთ, რომ მესხს, ამბროლაძესა და ამაშუკელს ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2–თვიან წინასწარი პატიმრობა მიმდინარე
წლის ივნისის დასაწყისსი შეუფარდა, ხოლო კიდევ 2 ბრალდებულს – ყურუასა და ჯაბუას
3000 –3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
საქმის არსებით განხილვამდე და სასამართლოს ვერდიქტამდე
ბრალდებულები – მესხი, ამბროლაძე და ამაშუკელი
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში რჩებიან. ყურუამ და ჯაბუამ კი მათზე დაკისრებული
ჯარიმის თანხა ვადის ამოწურვამდე დაფარეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე