|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატთან შელაპარაკების შემდეგ დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

   გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაცვის თანამშრომელი იმედა კირკიტაძე, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კახი დვალიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურიდან  თავად გაათავისუფლეს. კირკიტაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაგან  ერთს, როგორც დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, გულზე 7 ოპერაცია აქვს გადატანილი და მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება. 

   აღნიშნულ ფაქტს "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ეხმაურება, ის მომხდარის გამო პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებს:
,,კიდევ ერთი უსამართლობა ქუთაისის მერიაში, დაცვის თანამშრომელი რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა, მოქმედებდა კანონით, მერიის შიდაგანაწესით, სამსახურიდან დაითხოვეს, რა ნამუსით შეხედავს ქალაქის მერი მის თანამშრომლებს, როცა ყველამ იცის რომ უსამართლობამ იზეიმა, ან რა ფასი აქვს მის სიტყვებს ამის შემდეგ?" - აცხადებს ქობულაძე. 
შეგახსენებთ, შელაპარაკება დაცვის თანამშრომლელსა და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა. დეპუტატმა დაცვის თანამშრომელს, რომელიც  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას მითითებას ასრულებდა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სამხრეების ჩამოხევა მოუნდომა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კახი დვალიშვილმა ინტერნეტსივრცეში თავად გაავრცელა, იმის ნიშნად რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.  
 დაცვის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით ,,ნიუპრესი" ზვიად ჯავახიასაც  დაუკავშირდა.  თუმცა მისი განცხადებით, დაცვის თანამშრომელთა გათავისუფლება და დანიშვნა  მის პრეროგატივაში არ შედის.

ავტორი: გიგა გელხვიიძე