|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის მკვლელობა შემიკვეთა-მსჯავრდებული

ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ახსნა-განმარტებით მიმართა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ დააკავეს, რის შემდეგაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ბეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც, ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხალავა ამ პირს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას დაპირდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა და თანამშრომლობას დათანხმდა. მსჯავრდებულს მკვლელობა ყაჩაღობის სცენარით, მაღაზიაში უნდა განეხორციელებინა, რის შემდეგაც მას დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკები. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, იგი ამის შემდეგ სამი დღე საბურთალოზე დადიოდა, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ, გარკვეული დროით, ის სხვა ქვეყანაში წავიდა. 2008 წლის ომის დაწყებამდე თბილისში ჩამოვიდა და დაეკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს. მისი თქმით ხიზანიშვილმა მას უთხრა რომ ზემოთხსენებული საქმის გაგრძელების დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ განაგრძნობდნენ მუშაობას. ამის შემდეგ მან ისევ დატოვა საქართველო, ხოლო დაბრუნების შემდეგ იგი დააკავეს საქართველოს შსს თანამშრომლებმა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც მსჯავრდებული განმარტავს, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო იკავებდა, ხოლო ახლა შესაბამის რეაგირებას ითხოვს და როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის მზადყოფნას გამოთქვამს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაუყონებლივ დაწყება მოითხოვა. ნანუშავილის თქმით, მან ასევე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა, გაატაროს ყველა ღონისძიება, აღნიშნული მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად. როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით აქამდეც იყო გაჟღერებული ია მეტრეველის მიერ.

"ეს ინფორმაცია ერთი წლის წინ უკვე გააჟღერა ია მეტრეველმა, თუმცა მსჯავრდებულმა უარი თქვა ახსნა-განმარტების მიცემაზე. რამდენიმე დღის წინ მან გადაწყვიტა მიეცა ახსნა-განმარტება და შესაბამისად, ჩვენ ეს ყველაფერი დავურთეთ წინადადებას, რომელიც შეტანილია პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი