|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს ქუთაისში ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა

იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს უახლოეს პერიოდში ქუთაისში ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს.
ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 109 ბინიდან უმრავლესობა ოროთახიანი, 46 ბინა-ერთოთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია. აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია. საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ყველა საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობელი. ეზოში მოეწყო პარკინგი დასათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარეგანათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. თებერვალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად 109 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს. მშენებლობაზე150-160ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 6 მილიონ ლარამდე  შეადგინა.

ავტორი: ნიუპრესი