დაუცველი ბიზნესი
„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციამ“
დღეს, ქუთაისში საგადასახადო დავებისა და საგადასახადო
აუდიტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ასოციაციამ სამოქალაქო სექტორსა და მეწარმეებს
ის კვლევები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში საგადასახადო დავების კუთხით არსებული ვითარებისა
და მათი გადაწყვეტის ოპტიმალური გზების ძიების მიზნით ჩატარდა.
„ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარება საქართველოში“
– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში ასოციაცია
ქვეყანასა და საზღვარგარეთ საგადასახდო გარემოს კვლევას ახორციელებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ასოციაციის კვლევის
იმ ნაწილში, სადაც საქართველოში არსებული პრაქტიკაა
მიმოხილული, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კეთილსინდისიერი ბიზნესმენის სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან დაცვის მექანიზმები არ არსებობს.
„ ბიზნესის
დაწყებისას ბიზნესმენს იმის განცდა უჩნდება,
რომ მისი კეთილსინდისიერების მიუხედავად, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, შესაძლოა ის კანონდამრღვევად ჩაითვალოს და სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა დაეკისროს. ეს გარემოება შესაძლოა, ინვესტიციების მოზიდვის დამაბრკოლებელ
ფაქტორადაც იქცეს,“ – ნათქვამია კვლევაში.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ამბობს, მათ
მიერ შესრულებული სამუშაოები მიმართულია იმისკენ,
რომ სახელმწიფოს საგადასახადო დავების ეფექტური
გადაჭრის მექანიზმები შესთავაზონ.
„ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოში შეიქმნას
სადაგადასახადო დავების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანო, რაც წინგადადგმული ნაბიჯი
იქნება,“ – ამბობს კახა კოხრეიძე.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში შეკრებილ მეწარმეებსა და
სამოქალაქო სექტორს ასოციაციამ საგადასახადო დავების კუთხით ვითარების გაუმჯობესების
სხვა გზებიც გააცნო.
„ასოციაციამ ორი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა–მოკლევადიანი
და გრძელვადიანი. პირველის მიხედვით უმჯობესი იქნება, თუ საგადასახადო საქმეებს ცალკე
მოსამართლეები განიხილავენ, რომლებიც სპეციალურად ამ სფეროში იქნებიან კვალიფიციურები.
ფიქრობენ, რომ პირველ ეტაპზე ორი სასამართლო შეიქმნება–თბილისსა და ქუთაისში. მეორე გეგმის მიხედვით, დამოუკიდებელი სტრუქტურა
უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც საგადასახადო და ფინანსურ დავებს განიხილავს,“ – ამბობს
„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი
პაატა კლდიაშვილი.
სამოქალაქო და სამთავრობო სექტორთან შეხვედრების შემდეგ ასოციაცია ქვეყანაში საგადასახადო
გარემოს გაუმჯობესებისათვის პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე