|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრები დევნილები დღეიდან ახალ სახლებში იცხოვრებენ

ქუთაისში მცხოვრებ 109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დღეს ახალი საცხოვრებლის გასაღებები გადაეცათ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5, 560 000 ლარია.

   იძულებით გადაადგილებულებს ახალი საცხოვრებლის გასაღები ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პირადად გადასცეს, მათთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი და ნანა ყეინიშვილი იმყოფებოდნენ.

 ,,დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ოცზე მეტი წლის წინ და ასევე 2008 წელს, როდესაც ეს ადამიანები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქალაქები, სოფლები და საცხოვრებლი სახლები. ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში განაგრძონ ცხოვრება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანმა.

 სოზარ  სუბარის თქმით,  ქუთაისში პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე ობიექტის მშენებლობა,  სადაც დევნილების ახალი ნაკადის შესახლება მოხდება: ,,ეს არის  53 ახალი ბინა აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება და მენაშენეებისგან ვაპირებთ მათ გამოსყიდვას.  ორი ოთხმოცბინიანი კორპუსის მშენებლობას ვიწყებთ  პარლამენტის ახლოს და ასევე  ორი სარემონტო შენობაა, რომლებშიც რემონტი დროებითაა შეწყვეტილი და მალე გაგრძელდება“ ,- განაცხადა სუბარმა.

    დღევანდელი დღით ყველაზე კმაყოფილები ის ადამიანები იყვნენ, ვინც ამ წლების განმავლოაბში უამრავი გაჭირვება და ტკივილი გამოიარა. ,,22  წელიწადი ვცხოვრობდი საეკლესიო საავადმყოფოს ამორტიზირებულ შენობაში. ამჟამად მივიღე ბინა ყოფილი კლინიკურის შენობაში, სადაც მე და ჩემი უფროსი ბიჭი ვიცხოვრებთ. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა სულიკო უგრეხელიძემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე