|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: "ქუთაისის წყალი განსაკარგავად ქალაქს გადმოეცეს"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გაუქმებას მოითხოვს.  როგორც  წულაია ამბობს, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში ძირითადი თანხის შემტანი ქუთაისია და მასში სხვა ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა თბილისი, რუსთავი და ბათუმი,  გაერთიანებული არაა. "ქუთაისის წყალი გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის, იქ ძირითადი თანხის შემტანი სწორედ ქუთაისია, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქუთაისს და ქუთაისლებს. ადგილობრივი თვითმმართველობასა და წყალმომარაგების კომპანიის მუშაობა არაკოორდინირებულია, ერთი და იგივე ქუჩაზე ჯერ მერია დააგებს გზას, მერე წყალმომარაგების კომპანია იწყებს მუშაობას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ესაა ზედმეტი რგოლი, რომელშიც 400-მდე უსაქმურია დასაქმებული, ქუთაისის წყალი განსაკარგავად ქალაქს გადმოეცეს",- განაცხადა გოგი წულაიამ.

 მისი თქმით, მან წერილობით სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც ასეთი პასუხი მიიღო: "თქვენს წერილში დასმული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება პარლამენტის მიერ "ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის" კანონპროექტის მიღებაზე. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პარლამენტმა წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ნუსხიდან ამოიღო, შესაძლებელია, მთავრობამ დაიწყოს მსჯელობა აღნიშნული კომპეტენციების ადგილებზე დელეგირების მიზანშეწონილობაზე, რისი განხილვაც ამჟამად, პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში არ ხდება",- ნათქვამია წერილში რომელიც პარტიის ლიდემა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღო. გოგი წულაია იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძესაც მიმართავს, რომ დაატყოს ქალაქს ხელი, რადგან მისი თქმით ქუთაისის მერია მხოლოდ ავტომობილების შეძენითაა დაკავებული.

ავტორი: ანა ჯიქია