ამერიკაში ორი ქართველის დაღუპვის გამო პრეზიდენტი და პრემიერი მწუხარებას გამოთქვამენ
“ეს
არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი
ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის
თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები”-ამ სიტყვებით მიუსამძიმრა საქართველოს
პრეზიდენტმა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახის წევრებს.
სპეციალური
განცხადება გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. პრეზიდენტი
აღნიშნავს, რომ ამ მძიმე წუთებში ის თანადგომას უცხადებს და უსამძიმრებს
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
"უკიდურესად
შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ
გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა"-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
პრემიერი
წერს, რომ დაღუპული ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო
სასწავლო კურსს იმისათვის, რომ იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის
მოეხმარათ.
"აუნაზღაურებელია
ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. ვიზიარებ გარდაცვლილების
ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ
საქართველოს"-აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ,
რომ სოსო მაკარიძე და ბესარიონ
გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე
ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში
სწავლობდა.
ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულები უკვე ნიუ-ჯერსის პროზექტურაში გადაასვენეს.
ნიუ-ჯერსში ავარია დღეს გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.
ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჯამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი





12:45
17:29
10:32
19:59
















