|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში" -ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებად აფასებს.   პრემიერ-მინისტრის თქმით,  გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უნდა უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს. 
"თრიალეთის"  ჟურნალისტი დაინტერესდა, ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ზურაბ რუსიშვილი ატენის ხეობაში ფეშენებელურ სახლს იშენებს  და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. 
"გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს? თქვენ ჟურნალისტი ხართ, მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის, რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის, რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ, არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება, ან უარყოს, ან დაადასტუროს ფაქტები. თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცეებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ", - განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, ჟურნალისტმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას. 

ავტორი: ანა ჯიქია