|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მძღოლები კონკურსის შიშის გამო გაიფიცნენ"


ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის გაფიცვას მერიაში ეხმაურებიან. როგორც ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი "ნიუპრესს"-თან საუბარში აღნიშნავს, მძღოლების გაფიცვის მიზეზი არა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა, არამედ ხვალისთვის ჩანიშნული კონკურსია.
"კონკურენტულ გარემოში ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას. არსებულ ტრანსპორტით ახალ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ, ამიტომ ითხოვენ კონკურსის შეჩერებას. გვითხრეს, რომ მხოლოდ ის ტრანსპორტი შევაცვლევინოთ, რომელიც პირობებს ვერ აკმაყოფილებს. კონკურსი იმიტომ გამოცხადდა, რომ ვადები დასრულდა და საჭირო გახდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამიტომ მძღოლების საუბარი, რადგან ისინი მუშაობენ, კვლავ  უნდა დარჩნენ, არის არასწორი. მსგავსი რამ წარსულში ხდებოდა. ჩვენ არ დავუშვებთ კონკურსის შეჩერებას და რაიმე პირობის შეცვლას. ხვალ ჩვეულებრივად ჩატარდება კონკურსი და ვინც პირობებს დააკმაყოფილებს, ის გაიმარჯვებს. მძღოლების განცხადებას, თითქოს მათი კონკურენტი კომპანიები არარსებული "მარშუტკებით" ცდილობენ გამარჯვებას, ვერ დავეთანხმებით, რადგან კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ჯერზე ქულები შემოსული დოკუმენტაციებით იწერება, შემდეგ კი უშუალოდ ტრანსპორტი მოწმდება, თუ ეს ტრანსპორტი არ იარსებებს, კომპანია ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს",-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა და აღნიშნა, რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში მერია საკუთარი სახსრებით შეეცდება ტრანსპორტის შემოყვანას, რომ მგზავრებს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნათ.
"წესებით შესაბამისად, მძღოლებს და კომპანიებს  რამდენიმე დღით ადრე უნდა ეცნობებინათ მერიისთვის  გაფიცვის შესახებ, რადგან პარალიზება არ მომხდარიყო. მაგრამ ასე არ მოიქცნენ. თუ გააგრძელებენ პროტესტს, მერია მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობისთვის ბოდიშს მოუხდის და ხვალ ჩვენი სახსრებით შევეცდებით ტრანსპორტის შემოყვანას, რომ გადაადგილების პრობლემა აღარ იყოს, კონკურის კი ჩვეულებრივად ჩატარდება,"-აღნიშნავს ცხვედიანი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი