"ბაგრატსა" და "გელათს" კულტურის მინისტრი მოინახულებს
დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსს- მოინახულებენ.
30 ივნისს კულტურის მინისტრი გერმანიაში, ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას დაესწრება. კომიტეტზე განსახილველ ასზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და კოორდინაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო ხელშეკრულება გაფორმდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმის დოკუმენტზე და მიმდინარეობს გელათის კონსერვაციის გენგემის განახლება, რომლის ფარგლებში 2008 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციის - იკომოსის (ICOMOS) მიერ დადებითად არის შეფასებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოსცა გზამკვლევი - UNESCO-ს კონვენცია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახაბ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















