|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ძნელია დაგეგმო მომავალი, როცა არც ბინა გაქვს და არ პერსპექტივა“

პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში დევნლებისთვის   ბინების გადაცემასთან ერთად, დღესვე ორი კორპუსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ ბინაში 160 ოჯახი შესახლდება. ჯამში, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში 53 ბინა შეისყიდა, რომელთა მოწესრიგებაც ეტაპობრივად ხდება.

„35 ოჯახი დღეს ამ ლამაზ კორპუსში გადმოვა საცხოვრებლად. მძიმე იყო ის, რაც საქართველოში ხდებოდა და  მძიმე იყო ამ ადამიანების ყოფა. ახლა ვსაუბრობდი ერთ–ერთ ადამიანთან, რომელიც თბილისში ქირით ცხოვრობდა. მას არც ჭერი ჰქონდა, არც პერსპექტივა და არც მომავალი. ძალიან რთულია, დაგეგმო შენი და შენი შვილების მომავალი, როცა  არც ბინა გაქვს და არც პერსპექტივა, როცა არ იცი რა იქნება ხვალ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში ერთ–ერთ მთავარ ამოცანად დევნილების დაბინავება იქნა დასახული. მათთვის ღირსეული პირობების შექმნა.  ჩვენი მოსვლის დროს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, დღეს ის 70 მილიონია. ბევრი წარმატებული პრეოქტი ხორციელდება, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდეს“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერთან და მინისტრთან ერთად, დევნილებს ბინების გასაღებები ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა გადასცეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი