|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა მელია: "არ დაიჯეროთ, რომ ამდენივე ხართ გარეთ"

"როდესაც გადახედავთ ერთმანეთს და დაინახავთ, რომ თქვენ ხართ ბევრი, არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამდენივე ხართ გარეთ"-ასე მიმართა  "ქართული ოცნების" დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე  წინასაარჩევნო პერიოდში იყო არა საზოგადოების შერიგების, არამედ საზოგადოების დაშორების რუპორი, ის გამოირჩეოდა ყველაზე დიდი აგრესიულობით და ურცხვად ცდილობდა ყველა ოპონენტზე უზნეო და ამორალური იარლიყების მიკერებას.

”საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე უაღრესად გამოუცდელი ადამიანია, საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე, საქმე იმაში კი არ არის რომ საარაკო ტყუილებზე ბოდიშს არ მოიხდის, საქმე იმაშია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და ხელმძღვანელი არის ფიქციად წოდებული და სამწუხაროდ, ამ გაგრძელებას ექნება ადგილი პარლამენტის ამ დარბაზებში. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ როდესაც გადახედავთ ერთმანეთს და დაინახავთ, რომ თქვენ ხართ ბევრი, არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამდენივე ხართ გარეთ. არ დაივიწყოთ ის რომ, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც კი არ დაგიჭირათ მხარი”, - განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ”ქართულ ოცნება” ვერ შეძლებს იმ წარმატებით გაართვას თავი იმ ტვირთს, რომელიც მოპარული ხმებით აიღო თავის თავზე.
”მთელი წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ალოგიკური, არაპროპორციული და არაადეკვატური სურათი, როდესაც გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც არ დაუჭირა მხარი და ეს პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილია საკონსტიტუციო უმრავლესობით. ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებო, თქვენ შესაძლოა გიხაროდეთ და კმაყოფილებას ხართ მიცემული, მაგრამ ძალიან მალე თქვენ დაინახავთ, რომ ძალიან დიდი პრობლემები გელოდებათ წინ, მეტიც, გადაულახავი სიძნელეები, სირთულეები და წარმოუდგენელი დაბრკოლებები. თქვენ თქვენი ამ ძალადობრივი არჩევნების შედეგებით მოპოვებული თუ მოპარული ძალაუფლება უკვე გაკისრებთ და მოგცათ ძალიან მძიმე ტვირთი, რომელიც თქვენ უნდა აწიოთ და გაწიოთ. ამას თქვენ ვერ შეძლებთ, რადგან მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენ იყავით სიძულვილის ენით გამორჩეული პოლიტიკური ძალა, თქვენ იყავით ძალა, რომელიც ყველა პარტიის დემონიზაციას ცდილობდა. ასე მომართული გუნდი წარმატებული ვერ იქნება”, - აღნიშნა მელიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა