|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციიდან ვიღაცას უნდა პარლამენტში შესვლა და ამის მიზეზს ეძებს - გია ხუხაშვილი

 ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა თქვას, რა არის მათი მოლაპარაკების საგანი, გაყალბებული არჩევნების ანულირება, თუ ამას უკვე შეგუებულები არიან და საუბრობენ მომავალზე. ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების ბუნდოვანება აჩენს განცდას, რომ ოპოზიციიდან ვიღაცას უნდა პარლამენტში შესვლა და ამის მიზეზს ეძებს.

„პოლიტიკოსებს თუ გონიათ, რომ ეს კომერციული მოლაპარაკებაა და მათი გადასაწყვეტია, რაზე დათანხმდებიან და რაზე არა - ეს სევდისმომგვრელი ამბავია. ისინი დაქირავებულები არიან ხალხის მიერ და შესაბამისად, ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე.

ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრობენ და არ ვიცით, რაზე საუბრობენ. ეს მეტყველებს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე. მათ იმის განცდა კი არ აქვთ, რომ მსახურებისთვის ირჩევენ, არამედ გონიათ, რომ ბატონებად ირჩევენ და შეუძლიათ, რაც უნდათ, ის აკეთონ.

 რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დეკლარირებულია ისეთი წითელი ხაზები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია, შესაბამისად, თითქოს ჩიხია და მოლაპარაკება არ უნდა შედგეს.

ამის პარალელურად, რაღაც კონსტრუქციულობანას თამაშობენ. ჩნდება ეჭვები, რომ ვიღაცას უნდა პარლამენტში შესვლა, ეძებს ამის მიზეზს, თან ისე, რომ სახეც შეინარჩუნოს. ოპოზიცია ამით ძალიან აგებს, რადგან მისთვის ერთადერთი კოზირი არის ხალხის მხარდაჭერა. იმით, რომ ხალხთან კედელი ააშენეს და კომუნიკაცია არ აქვთ, ამით ირთულებენ თავის საქმეს“-განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უცხოელი ელჩების ფასილიტაციით დღეს მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა