ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოსავლენად ქუთაისში პრაიმერი ჩატარდება
ქუთაისში ამომრჩევლები სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისათვის თავისი მხარდაჭერის დაფიქსირებას შეძლებენ. გამოკითხვა ხვალ, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ მხარდაჭერით მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია ავრცელებს.
"საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ ივანიშვილი ისევ შეეცდება მთავარი როლი "ოცნებამ", ნაციონალებმა და მათმა განაყოფებმა შეასრულონ. მოვუწოდებ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას (ნათელაშვილი, ინაშვილი, ბურჯანაძე, უსუფაშვილი და სხვ), რომ ჩავატაროთ ღია გამოკითხვა (პრაიმერი) და წარვადგინოთ არა-ქოცი და არა-ნაცი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც ისევე როგორც ნაძალადევში (2013) ან საგარეჯოში (2015), იქნება მთავარი ოპოზიციური კანდიდატი და იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ მხარდაჭერით ხვალ ეს პროცესი დაიწყება ქუთაისიდან. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ (ფარული კენჭისყრის პრინციპით) გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების მიმართ, ასევე, წარმოადგინონ მათთვის სასურველი კანდიდატი.
ყველა ქუთაისელს, გთხოვთ მობრძანდით 2 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე და გამოხატოთ თქვენი პოზიცია", -ნათქვამია გოგი წულაიას განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო -"ნიუპრესის" არქივიდან
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















