|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოქროს ჩარდახის" მიმდებარე მშენებლობას ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს

ქუთაისში ათი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმოწერებს აგროვებს. ისინი "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, კაპიტალური მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. არასამთავრობოები ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ დაუყოვნებლივ შეაჩერონ მშენებლობა.

 აქციის ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე  გია გოქაძე განმარტავს, რომ აღნიშნული მშენებლობა  ხელს უშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვასა და მის სრულფასოვან აღქმას.

"მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეაჩერონ მშენებლობა. მივმართავ ქალაქის მერს, როგორც გააჩუქა ეს ტერიტორია, კეთილი ინებოს და დაუბრუნოს ქალაქს. არცერთ ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია, გადაეცათ აღნიშნული ტერიტორია და  კულტურული ძეგლის ხარჯზე ეშოვნათ თანხა. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა აღნიშნული ძეგლის მიმართ და შეაჩერონ მშენებლობა",- აღნიშნა გოქაძემ.

ინიციატივას მხარს უჭერს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი". კლუბის ხელმძღვანელის,  გვანცა თოთაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში იმრავლა სკვერებში მშენებლობებმა, რაც ძალიან ცუდია. 

"წლების განმავლობაში ჩვენი კლუბის წევრები ვასუფთავებდით, ვუვლიდით, ვრგავდით ხეებს აღნიშნულ სკვერში.  ვაპროტესტებთ აღნიშნულ სკვერში კვების ობიექტის მშენებლობას,  ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა სკვერებში მშენებლობების, რისი კატეგორიული წინააღმდეგები ვართ",- აღნიშნა თოთაძემ.

შეგახსენებთ, ტერიტორია შპს "ანასტასიას" სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ფართის სანაცვლოდ გადაეცა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული. არსებული ინფორმაციით, რიონის სანაპიროზე ფირმა ორსართულიანი კვების ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი