|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორ თვეში 12 ათასი ლარი 40 ათას ლარამდე გამიზარდეს და სახლი აუქციონზე გაიტანეს" [VIDEO]

ქუთაისში მცხოვრები ოთარ ხმელიძე "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალს თაღლითობაში ადანაშაულებს. მას ბანკიდან იპოთეკით 17 ათასი ლარი ქონდა გამოტანილი, რომელსაც მისი თქმით, დარღვევებით, მაგრამ ჯარიმების დამატებით იხდიდა. მისივე განცხადებით, ბოლოს შეტანილი თანხა არ დაუფიქსირეს და 45 დღიან ვადაგადაცილებაში 40 ათასი ლარი დააკისრეს. აღნიშნულის შემდეგ "საქართველოს ბანკმა" ხმელიძის სახლი აუქციონზე გაიტანა. ხმელიძე დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავს.

"სამი ტიპის სესხი მაქვს გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან", ერთ-ერთი არის უძრავი ქონების.  17 ათას ლარიანი სესხი, იპოთეკით,  რვა თვის წინ გამოვიტანე. ექვსი თვის განმავლობაში დარღვევებით, მაგრამ ვიხდიდი და იმ დარღვევებზე ჯარიმებსაც ვიხდიდი. მერე მოხდა ისე, რომ დაგვიანებით, მაგრამ ჯარიმების დამატებით  ბანკში თანხა შევიტანე.  შეტანილი თანხით ის ჯარიმები არ ჩამოხსნეს, მომავალი თვის გადასახადი ჩამოაჭრეს და მომთხოვეს მთლიანი სესხის დაფარვა. ორ თვეში 12 ათასი ლარი 40 ათას ლარამდე გამიზარდეს და სახლი აუქციონზე გაიტანეს. ჯარიმის გათვალისწინებით, სულ 40 ათასი ლარი დამაკისრეს, როდესაც 17 ათასი გამოვიტანე და აქედან ხუთი ათას ლარამდე შეტანილი მაქვს. სასამართლოს გარეშე ჩემი სახლი გააქვთ აუქციონზე",- აცხადებს ხმელიძე.

მომხდარს ოთარ ხმელიძესთან ერთად "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიაც აპროტესტებს. მისი თქმით, საქართველოში სამარცხვინო საბანკო სისტემაა. 

"ქვეყანას ყავს სამარცხვინო ხელისუფლება, გვაქვს სამარცხვინო  საბანკო სისტემა, სადაც წურბელები მოქალაქეებს წოვენ სისხლს. როგორ შეიძლება,  საქართველოში ბანკმა გამოაცხადოს, რომ მოგება ნახა 20-30 მილიონი ლარი, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კატასტროფაშია. როგორ შეიძლება  სახელმწიფო ადებინებდეს ბანკს ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას?!. როგორ შეიძლება ბანკმა, როცა მოისურვებს გაგიზარდოს პროცენტი?!",- აცხადებს  წულაია.

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირები  კომენტარი არ გააკეთეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა