"ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა კამერების მონაცემების შესწავლის შემდეგ აღდგება"
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივად მოძრაობის აღდგენის საკითხი კამერების მონაცემების შესწავლის შემდეგ განიხილება, -ამის შესახებ ნიუპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყებაში ორმხრივი მოძრაობის აღდგენის კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ: "ამ დროისათვის გზის ამ მონაკვეთზე განთავსებულ კამერებზე დაკვირვება მიმდინარეობს. მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, უწყებათაშორისის შეხვედრებზე განიხილება მოძრაობის ორმხრივად აღდგენის საკითხი, ორმხრივად მოძრაობის კონკრეტულ ვადას ვერ დავასახელებთ, რადგან კამერები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ამოქმედდა,"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები 7 აგვისტოდან ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით აქცია დღეს გოგი წულაიამ გამართა. პარტიის "თავისუფალი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი საავტომობილო გზაზე არსებული პრობლემების გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
შემოვლით გზაზე მოძრაობა ცალმხრივი გასული წლის მაისში გახდა, რაც თავის მხრივ, მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტუქტურასა და ხშირ ავტოსაგზაო შემთხვევებთან იყო დაკავშირებული.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















