პარლამენტარები იმერეთში მცხოვრებ ბავშვებს სპექტაკლზე ეპატიჟებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები დღეს, იმერეთის რეგიონში მცხოვრები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმულ საახალწლო სპექტაკლზე "სათაგური" უმასპინძლებენ. სპექტაკლი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება.
სპექტაკლს 750-მდე ბავშვი და ახალგაზრდა დაესწრება, რომელთაც პარლამენტისგან საახალწლო საჩუქრები და მისალოცი ბარათები დაურიგდებათ.
საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, დრამატულ თეატრში მოწვეული ბავშვებისთვის სპეციალური მიღებაც გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სპექტაკლის მსახიობებს, ზღაპრის გმირები კი მათ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ საჩუქრებს გადასცემენ.
იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის - "ბრეს საქართველო", ასოციაციის - "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი", აიპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - "თაირისი" და "ხიდი", ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის - "ჯადოსნური სამყარო", საქველმოქმედო ფონდის - "საქართველოს კარიტასი", აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის - "ჰერა" აღსაზრდელები და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















