პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
სავარაუდოდ, 8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ”საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუბა.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მსჯელობის საგანი იქნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს განსაზღვრავს.
პარლამენტს, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებში მოუწევს რამდენიმე საკადრო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რაც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისა და პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების არჩევას ეხება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს პარლამენტში პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს. პრეზიდენტის მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















