პარლამენტმა 91 ხმით ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს 91 ხმით მხარი დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები არ ესწრებოდნენ. ოპოზიციის ფლანგზე ნიკა მელია მარტო იჯდა და კოლეგა დეპუტატების განცხადებებს ისმენდა.
პროკურატურამ მელიას წინააღმდეგ ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის გამოუტანა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. როგორც აცხადებენ, უახლოეს დღეებში მათ მიმართ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















